თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
2 აპრილი 2026
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე (კმ44–კმ57) სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. გზა იწყება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის აღმოსავლეთით, გაივლის სოფელ ლალისყურსა და სოფელ ფშაველს და მთავრდება სოფელ ჯუღაანის აღმოსავლეთით.
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზა ერთმანეთთან აკავშირებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს და წარმოადგენს ფშავ-ხევსურეთსა და ყაზბეგთან დამაკავშირებელ უმოკლეს მარშრუტს. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე ხეობის ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის.
არსებული გზა მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის პირობებში გადაადგილებას აფერხებდა.
პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას - განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორ ხიდს - მდინარე თახტიბოგირის ხევზე და მდინარე სტორზე, ხოლო მდინარე ჭეჭაქვისხევზე აშენდება ახალი ხიდი. ასევე განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულებულია. მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების — ღარებისა და კიუვეტების მოწყობა, ასევე ქვემო ალვანში მოედნის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 17,747,422 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2026 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.